ტეგები

, ,


კოსტავას ფოტო 2

ქართველი ხალხის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი მერაბ კოსტავა  ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გველაპარაკობდა იმაზე, თუ  რა შანსებს უქმნის ნატო თავის წევრ ქვეყნებს  უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის. მერაბ კოსტავას მოსაზრებები ნატოზე შემოგვინახა მისმა წერილმა “რატომაა საჭირო ნაციონალური არმია,” რომელიც 1988 წელს არის დაწერილი. ამ ძალიან საინტერესო წერილში  ლაპარაკია – როგორ, რა გზებით უნდა ამოძირკვულიყო ” ქართველების შეგნებიდან ღირსების შემლახველი აზრი: თითქოს საქართველოს ურუსეთოდ, დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია.” ამ გზებში უპირველესად მითითებულია საკუთარი ძალებისადმი რწმენის დაბრუნება, რაც სხვა ყველაფერთან ერთად ეროვნულ არმიაზე ზრუნვით უნდა დაგვეწყო. მთელი 25 წლის წინ, როცა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და საკუთარი ძალებისდამი რწმენის დაბრუნებაზე ოცნებას ვიწყებდით, მერაბ კოსტავას მზერა ძალიან შორს –  აშშ-ისა და  ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ იყო მიმართული. გთავაზობთ ძალიან საინტერესო ამონარიდს მისი წერილიდან ” რატომაა საჭირო ნაციონალური არმია.”

“ნაციონალური არმია ერთა უმთავრესი ნიშანსვეტია და ამ თვალსაზრისით ვარშავის პაქტის ერები ახლოსაც ვერ მოვლენ ნატოს ქვეყნებთან; ნატოს ხალხებისა და არმიების უფლებები აშკარად თანაბარია. ნებისმიერი მათგანისთვის გარანტირებულია სამხედრო და ეკონომიკური კავშირიდან გასვლის თავისუფლება და მათთვის რომელიმე იდეოლოგიის ან ენის  გარედან თავს მოხვევას არა აქვს ადგილი. ვარშავის პაქტის ქვეყნებს თუმცა გააჩნიათ ეროვნული არმიები, მაგრამ ყოველი მცდელობა რომელიმე მათგანის კავშირიდან გასვლისა მუდამ სისხლიანი ტრაგედიით გვირგვინდებოდა. რუსის ჩექმა თავსმოხვეული მარქსისტული იდეოლოგიიდან გამონთავისუფლების საშუალებასაც არ აძლევს მათ. სსრკ-ში შემავალ ხალხებს კი არათუ არმია საკუთარი სამხედრო ნაწილებიც არ მოეძებნება. ზემოაღნიშნულის შედეგად თავლსაჩინო ხდება კარდინალური განსხვავება აშშ-ს და სსრკს-ს შორის.

პარტნიორი ქვეყნებისადმი დამოკიდებულებაში პოტენციური უპირატესობის მიუხედავად, აშშ უდავოდ თანასწორუფლებიანი პარტნიორია ნატოს დანარჩენი ქვეყნებისა. იგი ცდილობს თითოეულმა მისმა მოკავშირემ რაც შეიძლება მეტი თანხა გაიღოს საკუთარი ეროვნული არმიის გასაძლიერებლად.

შეერთებული შტატები პარტნიორთა სამხედრო პოტენციალის გაზრდით განაძლიერებს და განამტკიცებს ამ ერების სახელმწიფოებრიობას, ხოლო საბჭოთა კავშირმა პირიქით, იმიტომ მოსპო ჯარის უკანასკნელი ეროვნული შენაერთები, რომ ამ ხალხებში საბოლოოდ მოესპო სახელმწიფოებრიობის ნებისმიერი ელემენტები, გადაშენების გზაზე დაეყენებინა სსრკ-ში შემავალი ერები.

ამგვარია რუსეთის ნდობა საქართვლოსა და ეგერთწოდებული რესპუბლიკების მიმართ. აშკარად ვხვდებით, თუ რატომ უგულებელყოფს იგი ერთა სუვერენულობის აუცილებელ ატრიბუტს ნაციონალურ არმიას. იმპერიის მესვეურებმა უწყიან, რომ საქართველოში ქართული ჯარის ნაწილების ჩამოყალიბება და მათი ქართული ენის ფუნქციონირება დაანახებს ქართველობას, თუ რა ურყევი და ორგანულია კავშირი სამშობლოს ჭეშმარიტ გაგებასა და ეროვნულ არმიას შორის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ კავშირს ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის. მხოლოდ ასე თუ ამოიძირკვება ქართველების შეგნებიდან ღირსების შემლახველი აზრი: რომ თითქოს საქარველოს ურუსეთოდ, ანუ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია.. თუკი საკუთარი ძალებისადმი რწმენა დამკვიდრდება ქართველთა გულებში. ამგვარი რწმენის დამკვიდრება კი სხვა ყველაფერთან ერთად ეროვნული არმიისთვის ზრუნვით უნდა დაიწყოს. ქართველებმა სამხედრო სამსახური საქართველოში უნდა გაიარონ. ამით და აქედანევ უნდა ჩაეყაროს საფუძველი ეროვნული არმიის შექმნას, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის სამომავლო გარანტიას.”