ტეგები


რკინიგზა

თემებში, რომლებიც “პერესტროიკის” დროს  ქართულ საზოგადოებას საპროტესტოდ განაწყობდა იყო: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემა და ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. ამ თემების გარშემო განვითარდა სტუდენტური მოძრაობაც. შეიძლება ითქვას, რომ დავით გარეჯის დაცვისა და ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნებზე აგორდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პირველი ტალღა.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საბჭოთა სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე სროლები აზიანებდა. ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალი კი საქართველოს რუსეთს კიდევ უფრო მჭიდროდ უკავშირებდა და, მაშინ გავრცელებული აზრით დააზიანებდა საქართველოს ეკოლოგიას და მის ისტორიულ ძეგლებს.

ეს მაგისტრალი რუსეთიდან ( ჩრდილოეთ ოსეთი) მცხეთის მიმართულებით უნდა გადაჭიმულიყო. პროექტი ითვალისწინებდა 38 გვირაბის გაჭრას, მათ შორის 23 კილომეტრიანი გვირაბის აშენებას არხოტში. მშენებლობის გახსნით საქართველოს კომუნისტურმა მთავრობამ რუსეთიდან ირანისკენ მიმავალი სარკინიგზო მაგისტრალის საბჭოთა „გიგანტური პროექტის“ განხორციელება წამოიწყო.

სსრკ -ში “საჯაროობა” იყო გამოცხადებული და საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება ( ჯუმბერ პატიაშვილის მეთაურობით) დიდ რესურს ახმარდა პროექტის სამომავლო „სიკეთეების“ ახსნას. მთავრობამ ამ პროცესში ჩართო მთელი მაშინდელი პროპაგანდისტული მანქანა. სხვადასხვა დაწესებულებებში ორგანიზებულ შეხვედრებზე ეწყობოდა პროექტის განხილვა და რა მოხდა მაშინ “ მწერალთა კავშირში” გამართულ განხილვაზე საინტერესოდაა აღწერილი 1988 წლის ნოემბერში გამოქვეყებული სტატიაში „საშიში რეციდივი.“ მას ხელს აწერდნენ: ნ. წულეისკირი, ჯ. ფხოველი. თ.ბექიშვილი. გ, ნიშნიანიძე, მ. ქვლივიძე, ი. ორჯონიკიძე, ნ. გელაშვილი, ნ. ნათაძე, მ. წურწუმია, გ. ნოდია და სხვები..„ იმ მწერლებიდან, რომელთაც რკინიგზის პრობლემა შეესწავლათ, თავიანთი აზრი შემუშავებინათ და სიტყვა მომზადებული ჰქონდათ, გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ და მათგან რამდენიმემ, შეიძლება ითქვას ბრძოლით მოიპოვა კათედრა. რკინიგზის მომხრეთ კი ენერგიულად სთხოვდნენ აქტიურობას. თავმჯდომარე უხეშად მიმართავდა დამსწრეთ, ემუქრებოდა კრების დახურვით და გარეთ გაძევებით, და ეს მხოლოდ იმიტომ რომ საზოგადოება ვერ მალავდა აღშფოთებას სხდომის ტენდეციურად წარმართვისა და ამ გიგანტური პროექტის საოცარი უსუსურობის გამო..“

ამავე სტატიაში ვკითხულობთ: „„რკინიგზის მომხრეთა პათოსს უფართოესი ასპარეზი მიეცა,მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი მთლიანად მათ ხელში აღმოჩნდა და ვიდრე საგანგებოდ შექმნილი მეცნიერული კომისიები საბოლოო აზრს შეიმუშავებდნენ, ჩვენი ტელევიზია აღტკინებული ზეიმობდა არაგვის ხეობაში რკინიგზის მშენებლობას და აზეიმებდა ყველას და ყველაფერს: ადამიანებსაც და ცხვრებსაც! ..თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მეცნიერებმა უარყოფითად შეაფასეს ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობა და შეუძლებლად მიიჩნიეს მისი გაგრძელება. მაშასადამე ხანგრძლივი, დაწვრილებითი, დამღლელი კვლევა- ძიების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ იმ ჭეშმარიტებასთან, რაც ტექნიკურმა თუ ჰუმანიტარულმა ინტელიგენციამ, ახალგაზრდობამ და უამრავმა უბრალო ადამიანმა ისედაც იცოდა.”

ცალკე  საზოგადოების წინააღმდეგობა, ცალკე ის, რომ საბჭოთა კავშირი დასასრულს უახლოვდებოდა (იქ დიდი პროექტებისთვის აღარ ეცალათ ) და საბოლოოდ, ხელისუფლებამ ხელი აიღო  ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობაზე. გეოლოგი ომარ ქუცნაშვილი ამის გამო დღემდე უკმაყოფილოა. 1988 -ში ის კავკასიის რკინიგზების საკვლევ-საძიებო ინსტიტუტში მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული პროექტში „საქართველო-რუსეთის რკინიგზა: კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზა – თბილისი-ვლადიკავკაზი.”

ომარ ქუცნაშვილი:„მაშინ უამრავ ორგანიზაციასთან, მათ შორის, მწერალთა კავშირშიც გვქონდა შეხვედრები, როგორც ახლა იტყვიან, პროექტის პრეზენტაცია. ცალკე შევხვდით, ღმერთმა აცხონოს, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. დეტალურად ავუხსენით ამ პროექტის მრავალმხრივი სარგებლიანობა. იცით, რა გვიპასუხეს? მოძრაობა აგორებულია და რა ვქნათო! ეს სატრანსპორტო სისტემა რომ აშენებულიყო, უფრო მეტ წონას შეგვძენდა მსოფლიო თანამეგობრობაში _ პოლიტიკურს და ეკონომიკურს, უფრო გაგვაძლიერებდა და ვერავითარ სუვერენიტეტს ვერ შეგვიზღუდავდა, პირიქით _ უფრო მეტად საჭირონი გავხდებოდით აღმოსავლეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც..

ისიც სათქმელია, რომ კავკასიონის საუღელტეხილოთი მოვახერხებდით რუსეთის უფართოესი შესაძლებლობების მქონე ბაზრის შენარჩუნებას, რუსეთიდან საქართველოს გავლით ირანთან დამაკავშირებელი არტერიის ფუნქციასაც შევიძენდით და ა. შ.“ ( ‘საქართველო და მსოფლიო. 2012 წლის 6 დეკემბერი)

გასული საუკუნის 80 -იანი წლების ბოლოს კი  სტუდენტებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა, ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა და მათ გარშემო შემოკრებილებმა ასე იბრძოლს იმისთვის, რომ საბჭოთა საქართველოსგან მემკვიდრეობად არ დაგვრჩენოდა ტრანსკავკასიური რკინიგზა – თბილისი-ვლადიკავკაზი.