ტეგები

, ,


nai

„თუ გარდაქმნა უკვე დამთავრდა და ჯერ არ გვეუბნებიან ( რომ არ გაგვისკდეს გულები) და თქვენი აქცია ამითაა განპირობებული, გთხოვთ ჩვენც შეგვატყობინოთ, რათა ჟურნალისტებს აღარ ეგონოთ, რომ მათგან სიმართლეს ითხოვენ და მწერლებიც გაფრთხილდნენ, რომ მათი გულისთვის გულუბრყვილო ჟურნალისტები არ დაისაჯონ.“ – წერდა ნაირა გელაშვილი თავის ღია წერილში, რომლის ადრესატებიც საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯემალ მარგველიძე და გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი პაატა ნაცვლიშვილი იყვნენ.

ნაირა გელაშვილის ეს ღია წერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემამ 1988 წლის 9 აგვისტოს გამოაქვეყნა. ის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ახლგაზრდებისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ დაიბადნენ და ცოტა რამ თუ იციან კომკავშირის და კომკავშირლების შესახებ. ამასთან ნაირა გელაშვილის ღია წერილი კარგად ეხმიანება იმ პერიოდის საპროტესტო  განწყობებს  და ამ განწყობების გამო შიშს, ხელისუფლებაში და მის გამოცემებში რომ განიცდიდნენ.

ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში ნაირა გელაშვილი ანვითარებს მანამდე გამოთქმულ თავის უარყოფით შეხედულებას კომკავშირლების შესახებ, რაც 1988 წლის ზაფხულში „ახალგაზრდა კომუნისტუსთვის“ მიცემილ ინტერვიუშიც ჩამოუყალიბებია. ამ ინტერვიუს დაბეჭვდას კი “ახალგაზრდა კომუნისტის” რამდენიმე თანამშრომლის დასჯა მოჰყოლია.  მივყვეთ წერილს:

„როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ ამა წლის 9 ივლისს გამოქვეყნებულ ჩემს საუბარს კორესპონდენტ მალხაზ რაზმაძესთან თქვენი დიდი აღშფოთება გამოუწვევია. ეს რისხვა პირადად მე რომ დამტეხოდა თავს ( რაც უფრო ლოგიკური იქნებოდა) ამას დიდ უბედურებად არ ჩავთვლიდი და ეს წერილიც არ დაიწერებოდა. მაგრამ ჩემი აზრების გამო დაისაჯნენ სხვები, კერძოდ, – ჟურნალისტები: გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციის თათბირზე სასტიკი საყვედური გამოუცხადეთ ჟურნალიტს მ. რაზმაძეს და ნომრის მორიგეს მ. კარტოზიას. ხოლო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს საგანგებო სხდომაზე გაზეთში გამოთქმულ ჩემს მოსაზრებებს ეწოდა გესლით და ბოღმით სავსე ცილისწამება კომკავშირის მიმართ; მ. რაზმაძე და გაზეთის რედაქტორის მოადგილე ც. კუპატაძე მხილებულ იქნენ ლამის როგორც იდეოლოგიური დამნაშავენი და დადგინდა: განთავისუფლდეს ც. კუპატაძე პირადი განცხადების საფუძველზე.“

ნაირა გელაშვილი ხაზს უსვამს, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობად მიაჩნდა გამოხმაურებოდა ამ ფაქტს და განაგრძობს: „ახალგაზრდა კომუნისტმა“ ჩემს თვალში ყოველგვარი პრესტიჟი და ნდობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ისე სამარცხვინოდ დაესხა თავს სტუდენტთა სამართლიანი გულისტკივილით, მოქალაქეობრივი სიფხიზლით და პასუხისმგებლობით აღბეჭდილ წერილს, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ავადსახსენებელი „ტრანსკავკასიური რკინიგზის“ მშენებლობა. დიახ, ეს იყო სწორედ თავდასხმა, ჩასაფრებული მტრის იერიში და არა ჭეშმარიტების დადგენის უანგარო სურვილი და მცდელობა. თუკი ასეთი პრინციპული პოზიცია გქონდათ, რატომ აღარ გააგრძელეთ კამათი, როცა ერთობლივი საზოგადოებრივი და მეცნიერული აზრის ძალით რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა ან ბოდიში რისთვის არ მოიხადეთ თქვენი ესოდენ თამამი არაკომპეტენტურობის გამო, იმის გამო, რომ უსამართლოდ დაჰგმეთ სტუდენტთა წერილი და საზოგადოებას თავგზას უბნევდით?!….

ინტერვიუში არ ხერხდება ხოლმე ამა თუ იმ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა. ამიტომ ახლა შევეცდები შევავსო ჩემი შეხედულება კომკავშირის შესახებ და გაგიზიროთ საკუთარი დაკვირვების შედეგები, რაც, ცხადია, მხოლოდ ჩემს აღმოჩენად ვერ ჩაითლება.
ჩემს თვალსაწიერზე ( რაც, რაღა თქმა უნდა, ვერ იქნება სრულიად საქართველოს, მით უფრო მთელი საბჭოთა კავშირის მომცველი და გულისხმობს ჩემი მოწაფეობის, სტუდენტობის წლებს), თითქმის არ შემინიშნავს კომკავშირელი, რომლისთვისაც კომკავშირული მუშაობა ჭეშმარიტი მოწოდება და თავდადების უანგარო წყურვილი ყოფილიყოს. კომკავშირი მათთვის წარმოადგენდა კარიერის შვეულ კიბეზე საფეხურებრივი ზეაღსვლის გარანტიას.

გარდა ამისა ისინი ჩვეულებრივად იყვნენ ის ახალგაზრდები, რომელთაც არ გააჩნდათ რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, ინტელექტუალური თუ მორალურ -კულტურული უპირატესობანი და ამიტომ შემოქმედებითი, მეცნიერული, და პრაქტიკულ-პროფესიული მოღვაწეობის გამო ვერ შემძლებელნი კომკავშირისკენ იღებდნენ გზეს. ამავე დროს, კომკავშირისკენ უბიძგებდათ ხოლმე ქვეცნობიერი თუ აშკარა სურვილი – ადმინისტრაციული უპირატესობა მოეპოვებინათ თავიანათ უფრო ნიჭიერ და განათლებულ თანატოლებზე.

ან: ესენი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც შეგნებულად თქვეს უარი თავიანთ შემოქმედებით უნარზე, ბუნებრივი ნიჭის განვითარებაზე, რასაც ისინი სულიერი ადამიანის, ინტელიგენტის ძნელ ცხოვრებისეულ გზაზე უნდა გაეყვანა, რაც ჩვენში ძირითადად გაჭირვებას ნიშნავს. მათ ვერ გაბედეს აერჩიათ ეს ძნელი გზა, ჩაახშეს თავიანთ თავში სხვა ბუნებრივი მოწოდება და გაორებულ, ტრაგიკულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ანდა: კომკავშირელთა ერთი ნაწილის განზრახვა გახლდათ, თავიანთი მეცნიერული თუ მხატვრული ნამოღვაწარი კომკავშირული კარიერის წყალობით ადვილად „გაეტანა,“ რაკიღა თავადაც გრძნობდა, რომ მართლა „გასატანი“ იყო.

ყოველიევ ამის შედეგია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში გაიგონებთ ლაპარაკს კომკავშირელთა დიდი ნაწილის გაუნათლებლობაზე, შინაგან სიცარიელეზე, ფარისევლობაზე, კარიერიზმზე, თავხედობაზე, სისასტიკეზე და არაეროვნულობაზე; ნუთუ ეს არ გაგიგონაით?!“

თავის დიდი ხნის წინანდელ ღია წერილში მწერალი ნაირა გელაშვილი აღნიშნავს, რომ კომკავშირის შესახებ საზოგადოებაში არსებული განწყობების შესწავლისა და საკუთარი რიგების გადახედვის ნაცვლად, მისი წერილის ადრესატებმა ვერ აიტანეს ერთი ადამიანის მძიმე მოგონებები კომკავშირზე და დასძენს:

„რა ცოცხალი და ხანგამძლეა განუკითხავი დასჯისა და შევიწროების პრაქტიკა! თუკი ჩემი მოსაზრებები ასეთი საშიში, საგანგაშო და მიუღებელია თქვენთვის, რატომ არ აქციეთ ეს ინტერვიუ საჯარო განხილვის საგნად? ნაცვლად ამისა, თქვენი კაბინეტური საუფლოს შეუვალობით ნიადაგ გულმოცემულებმა ორ ადამიან მოუწყვეთ სამსჯავრო.( თან: გაზეთის მთავარი რედაქტორი „ამხელს“ საკუთარ მოადგილეს და მოითხოვს მის განთავისუფლებას პირადი განცხადების საფუძველზე – გმოსარჩლების ნაცვლად.) სადაც ბიუროს მხოლოდ ერთი წევრი არ დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას. ან არ ფიქრობთ, რა მტკიცედ დამკვიდრებული სიყალბეა: ადამიანს, რომელსაც ხსნი, თვითონ დააწერინო განცხადება: წასვლა მინდა და გამიშვითო. იმის გამბედაობაც არ გაქვთ, რომ პირდაპირ მოხსნათ?

ეს ყოველივე ხომ ადასტურებს ჩემს კრიტკულ აზრებს კომკავშირის შესახებ, რაც ინტერვიუში გამოვთქვი, და იმის ნიშანიცაა, რომ სიახლის ნიავქარს ჯერ თქვენს იერარქიამდე არ ჩამოუღწევია და ეტყობა ვერც ჩამოაღწევს, რაკიღა არავინ აპირებს სარკმელი გაუხსნას, რათა ამ არამკითხე ნიავმა სავარძლები არ შეატოკოს.“

ეს იყო ვრცელი ამონარიდი  1988 წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნებული  ღია წერილიდან.