ტეგები

,


armia 1

1988 წელს,  სხვადასხვა დროს, საბჭოთა ჯარში მოკლეს ალვანელები: მამუკა არაბული, გოგი წკიპოშვილი-ცისკარიშვილი, მამუკა იმედაძე, ხვიჩა თორღოშვილი… მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟუკოვსკში, რუსი ოფიცრის ბრძანებით მამუკა არაბულის შემზარავ მკვლელობაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ამ ფაქტმა მაშინ ახალი მუხტი შეძინა საქართველოში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.

მამუკა არაბული ზემო ალვანიდან იყო. საბჭოთა ჯარში 1987 წლის შემოდგომით გაიწვიეს, ის იქ 1988 წლის აპრილის ბოლოს მოკლეს. ჩვენი თხოვნით, 1988 წელს მომხდარი მამუკას ბიძაშვილმა თამაზ ბაჩულაშვილმა (ალვანელი) გაიხსენა. მისი მონათხრობით, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თავმოყვარე ქართველმა ჯარისკაცმა ვერ მოითმინა უხეში შეურაცხყოფა რუსი ოფიცრისგან და პასუხი დაუბრინა. რუსი ოფიცისრგან შეუარცხყოფილს  სხვა ჯარისკაცებიც გამოესარჩლნენ, ერთი მათგანი საქართველოდან იყო, მეორე სომხეთიდან, მესამე ჩეჩნეთიდან.ოფიცრის ბრძანებით ოთხივე ჯარისკაცი ჰაუპტვახტში წაიყვანეს. გაცემული იყო ბრძანება ურჩობისთვის სამაგალითოდ დაესაჯათ ისინი. პირველი მამუკა არაბული  ე.წ. „ლასტოჩკას“ მეთოდით აწამეს. როგორ მოგვიანებით გაირკვა ფიზიკურად ძალზედ ძლიერი ქართველი ბიჭის წამებაში 3 პირი იღებდა მონაწილეობას. მამუკა საშინელი წამებით დაახრჩვეს…

ამ ამბავმა დიდი მღელვარება გამოიწვია საქართველოში. 3 მაისს, მამუკა არაბულის დაკრძალვის დღეს მოეწყო საპროტესტო გამოსვლები მის მშობლიურ კუთხეში – ახმეტაში და თბილისშიც. მოგვიანებით, მოსკოვში გაიმართა სასამართლო ქართველი ჯარისკაცის მკვლელობის საქმეზე. ზვიად გამსახურდიას აქტიურობით ღია სასამართლო პროცესზე დასასწრებლად მივიდნენ უცხოელი ჟურნალისტებიც და, ამ მოულოდნელი ფაქტის გამო, სასამართლო პროცესი გადადეს. პროცესი 2 კვირის შემდეგ, სამხედო ტერიტორიაზე დაინიშა. სასამართლოს უცხოელი ჟურნალისტები არ დაასწრეს, თუმცა მას ესწრებოდა მამუკა არაბულის ბიძაშვილი თამაზ ბაჩულაშვილი -ალვანელი და პროცესის შესახებ ის აწვდიდა ინფორმაციას უცხოლურ ჟურნალისტებს.

„საბოლოოდ სასამართლოზე გაირკვა რომ ჰაუპტვახტში წამების ფაქტები სხვა დროსაც ყოფილა და ეს პროცესი მიდიოდა ეთნიკური ნიშნით – არარუსებს აწამებდნენ. ისიც გაირკვა, მაღალი რანგის ოფიცრები როგორ უტარებდნენ ინსტრუქტაჟს და როგორ ასწავლიდნენ წამების სხვადასხვა მეთოდებს… მიუხედავად იმისა რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, ერთი ადამიანი გაასამართლეს და მას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამ „შემთხვევამ“ დიდი ამბები გამოიწვია საქართველოში. შემოდგომის გაწვევაზე, ალვანელი წვევამდელების თითქმის სრულმა შემადგენლობამ საპროტესტო განცხადება შეადგინეს მაშინდელი სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის დიმიტრი იაზოვის სახელზე, თან დაურთეს წვევამდელთა მოწმობები და უარი განაცხადეს საოკუპაციო ჯარში სამსახურზე… მათ სხვებმაც აუბეს მხარი და სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ „ბოიკოტი სსრკ-ს საოკუპაციოს ჯარში სამსახურს“ მთელს საქართველოს მოედო… ჩემი როლი ამ ბოიკოტში მოკრძალებულია – მე უბრალოდ ალვანელი ახალგაზრდების პროტესტს ორგანიზება გავუკეთე…“ აღნიშნავს თამაზ ბაჩულაშვილი ალვანელი.

მამუკა არაბულის მკვლელობის ფაქტი აღწერილი აქვს მერაბ კოსტავას თავის ძალიან საინტერესო წერილში „რატომაა საჭირო ნაციონალური არმია:“

„ბოლო ხანებში საბჭოთა არმიის რიგებში განსაკუთრებით გაძლიერდა არარუსი ჯარისკაცების აბუჩად აგდება და ჩაგვრა. მათ მიმართ ჰაუპტვახტში სხვადასხავგავარი წამების გამოყენება ზოგჯერ სიკვდილითაც მთავრდება. ამა წლის აპრილში საბჭოთა არმიაში საყოველთაოდ ცნობილი წამებით – „ლასტოჩკით“ -მოკლულ იქნა მოსკოვის ოლქის 528/8 ნაწილის ჯარისკაცი, ზემო ალვანელი მამუკა არაბული. სხვადასხვა მეთოდებით ამავე წელს მოკლულ იქნენ აგრეთვე ჯარისკაცები: გოგი თენგიზის ძე წკიპოშვილი-ცისკარიშვილი, მამუკა კოსტას ძე იმედაძე, ხვიჩა გიგოს ძე თორღოშვილი.
მიმდინარე წლის ოთხი თვის განმავლობაში, როგორც მამუკა არაბულის მამის, ირაკლის, მთავრობისდანი გაგზავნილ განცხადებაში ვკითხულობთ, ქალაქ თბილისის აეროპორტის ტვირთამწე პერსონალის მიერ დაფიქსირებულია საბჭოთა არმიის სხვადასხვა ნაწილებში მომსახურე ჯარისკაცთა მკვლელეობის 28 შემთხვევა. იგივე წყარო გვამცნობს, „ლასტოჩკით”, სხვადასხვ დროს უწამებიათ ჩეჩენი სათოევი, ქართველი ბრეკაშვილი, სომეხი მურადიანი. არარუსთა შეურაცხყოფისა და წამების ამაზრზენ ფაქტებს სხვა ჯარმოხდილებიც ადასტურებენ.. აქედან გამომდინარე უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება ილია ჭავჭავაძის საზოგადობის მოთხოვნას ქართველი ახალგაზრდების მიერ სამხედრო სამსახურის საქართველოში გავლის შესახებ.“

ამ ძალიან საინტერესო წერილს „დამოუკიდებლოის გაკვეთილები“ კიდევ დაუბრუნდება და გაგაცნობთ მერაბ კოსტავას 25 წლის წინანდელ პასუხს შეკითხვაზე: რატომ უნდა გახდეს საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის – ნატოს წევრი. წერილის მოწოდებისთვის მადლობა თამაზ ბაჩულაშვილ – ალვანელს.