ტეგები

, ,


bax„1988 წლის 22 თებერვალს, მთიან ყარაბაღში სოფელ ასკერანთან სანადირო თოფებით შეიარაღებულ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის პირველი შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. არც თუ დიდი ხნის მერე ყარაბაღში ბრძოლები უკვე არტილერიის, ჯავშანტრასპორტიორებისა და ვერტმფრენების გამოყენებით მიმდინარეობდა. ერთი შეხედვით, კრემლს ნეიტრალური პოზიცია ეკავა და მედიატორის როლს ასრულებდა, მაგრამ სინამდვილეში იგი ყოველმხრივ ხელს უწყობდა კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავებას. რეგიონში დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები ორივე მხარეს იარაღით და სამხედრო ტექნიკით ამარაგებდნენ. ცალკეული რუსი სამხედროები და ხშირ შემთხვევაში მთელი შენაერთებიც, მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო მოქმედებებში როგორც ერთ, ასევე მეორე მხარესაც.“ ( გაზეთი „ 24 საათი,“ სტატიიდან „კავკასიის თანამედროვე ოკუპაცია“)

1988 წლის ამბებიდან გახსენებთ იმასაც, თუ როგორ დაიწყო დიდი კონფლიქტი ჩვენს მეზობლად – მთიან ყარაბაღში. ამონარიდი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის შუა აზიისა და კავკასიის სწავლების პროგრამის დირექტორის სვანტე კორნელის ნაშრომიდან, რომელიც კავკასიურ კონფლიქტებს ეხება: „დაპირისპირებამ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის პირველად 1905 წელს იფეთქა, რუსეთის პირველი რევოლუციის დროს და კვლავ იჩენდა ხოლმე თავს საბჭოთა სახელმწიფოს სისუსტის ჟამს. სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი (1918-1920 წლებს შორის) აღსავსე იყო კონფლიქტებით. 1987 წელს ცენტრიდან ზეწოლის შესუსტებამ გამოიწვია ფარული დაძაბულობის ხელახალი ესკალაცია. “პერესტროიკის” დროს კონფლიქტი კვლავ აღმოცენდა, როგორც სახალხო დემონსტრაციების, ასევე პოლიტიკური ბრძოლის სახით, რამაც გამოიწვია ძალმომრეობის ესკალაცია. ტერიტორია, სადაც სომხები და აზარბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ორმხრივი ეთნიკური წმენდის არეალი გახდა. 1988 წლის თებერვალში ადგილობრივმა საბჭოებმა მიმართეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოებს, რათა მთიანი ყარაბაღი სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის იურისდიქციაში გადასულიყო. ეს თხოვნა ბათილად და ძალადაკარგულად სცნო აზერბაიჯანისა და საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ.“

მალევე მოხდა პირველი გასროლა და სსრკ გენერალური პროკურორის მოადგილემ ალექსანდრ კატუსევმა ტელე-რადიო ეთერში გამოაცხადა მთიან ყარაბაღში ეთნიკური ნიშნით 2 უდანაშაულო აზერბაიჯანელი მოკლესო. არსებობს მოსაზრება, რომ ამ გამოსვლამ ერთგვარი დეტონატორის როლი შეასრულა სუმგაითში ძალადობის აფეთქებაში. სადაც რამდენიმე დღის ჩასახლებულები იყვნენ პირველი აზერბაიჯანელი ლტოლვილები. სუმგაითში ეთნიკურ სომხებზე თავდასხმები დაიწყო. ძალადობა რამდენიმე დღე გაგრძელდა, რასაც ოფიციალური ცნობებით 32 ადამიანი შეეწირა: 26 სომეხი და 6 აზერბაიჯანელი. მოკლედ ყურადღებას შევაჩერებთ კატუსევზე, რომელსაც  თავისი განცხადების გამო დღემდე ადანაშაულებენ სუმგაითის ტრაგედიის პროვოცირებაში. 1989 -ში  ალექსანდრე კატუსევი უკვე საბჭოთა კავშირის სამხედრო პროკურორი იყო და მას მოუწია სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე წარმოედგინა თბილისის  9 აპრილის ტრაგედიასთან  დაკავშირებით  ჩატარებული გამოძიების შედეგები. კატუსევის გამოსვლის დროს ქართველმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს, მათთან ერთად დარბაზიდან გავიდა ანდრეი სახაროვი. კატუსევი თბილისში მშვიდობიანი მიტინგის ძალის გამოყენებით დაშლას ამართლებდა. მალე სსრკ-ს უკანასკნელმა სამხედრო პროკურორმა ბიზნესში გადაინაცვლა. რუსული წყაროები წერენ, რომ ის ერთხანს ბანკ “როსიისკი კრედიტის” მმართველის მრჩეველი იყო.

მაგრამ, დავუბრუნდეთ 1988 წელს. მოსკოვის გადაწყვეტილებით სუმგაითის ტრაგედია პრესაში არ გაშუქებულა.  1988 წლის 24 მარტს კი სსრკ კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ტემპების დაჩქარების შესახებ. დადგენილებში ნათქვამი იყო, რომ შეიმჩნეოდა გარკვეული ჩამორჩენა ოლქში, რომ იქ არ სრულდებოდა მშენებლობის გეგმა, პრობლემები იყო საცხოვრებელი ბინების ექსპლუატაციაში შესვლის მიმართულებით და ა.შ დადგენილება მიუთითებდა, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი და რესპუბლიკის ხელმძღვანელი ორგანოების მუშაობის ნაკლოვანებების ბრალი იყო.

ასე გამოეხმაურა  სსრკ-ს  ცენტრალური ხელისუფლება მთლიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში და მის გარშემო განვითარებულ  პროცესს. გამოსვლები  კი ყარაბაღში, თავიდან,  ოლქში შექმნილი სოციალ-ეკომოკური მდგომარეობის გაპროტესტებით დაიწყო.