ტეგები

,


„პერესტროიკის“ პერიოდის სერიოზული ანტისაბჭოთა გამოსვლა თბილისში 1987 წლის 24 დეკემბერს, დიდუბის პანთეონში გაიმართა და 1937 წელს დახვრეტილი პატრიოტების ხსოვნას მიეძღვნა. აქცია ხალხმრავალი არ ყოფილა, თუმცა საინტერესო იყო, რომ  მასში ქართველი დისიდენტების გარდა უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. საბჭოთა უშიშროებამ ამ აქციას დაამთხვია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გასვლა პანთეობში – იქ დაკრძალული საზოგადო მოღვაწეებისთვის პატივის მისაგებად. ეს შესაძლოა იმისთვის მოიფიქრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დისიდენტები „საზოგადოებრივი ღონისძიების“ ჩაშლის მოტივით დაეკავებინათ. იმ დღეს დიდუბის პანთეონში წაიკითხეს 1937 წელს რეპრესირებულთა სია და საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობას რეპრესირებულთა ძეგლის დადგმაც მოუწოდეს.
didube

1987 წლის 24 დეკემბერს მწერალი დათო ტურაშვილი იხსენებს თავის წიგნში „იყო და არა იყო რა:“„პირველი მიტინგი, როცა სასტიკად დაგვარბიეს და გაკვირვებულები დავრჩით, 1987 წლის 27 დეკემბერს დიდუბის პანთეონში ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ მიტინგის მონაწილეები და მხარდამჭერები ძალიან ცოტანი ვიყავით და დამსწრეთა ძირითად ნაწილს უშიშროების წარმომადგენლები შეადგენდნენ. უნივერსიტეტიდან ვიყავით კურსელები და მეგობრები: ლაშა ხეცურიანი, კახა ბუაჩიძე და მე, და მონაწილეთაგან ყველაზე აქტიურები – გია ჭანტურია და ირაკლი შენგელაია მახსოვს. მახსოვს, უჩა ძიძავაც, რომელიც სერიოზული მონდომებით ჩხუბობდა მილიციელებთან და პირადად, გაშლილი ხელის გემო და სიმწარე პირველად სწორედ იმ დღეს გავიგე. თუმცა, მუშტი, რა თქმა უნდა, მანამდეც მომხვედრია, მაგრამ გაშლილ ხელს ნამდვილად არ ველოდი, ისევე, როგორც ასეთ სისასტიკესა და დაუნდობლობას ჩვენი მილიციის მხრიდან. თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების ქცევასა და ამგვარ რეაქციას გულბოროტებით ნამდვილად არ ვხსნიდი და, თუ რუსეთში უკვე იგრძნობოდა (თუნდაც უმნიშვნელო) ლიბერალიზაცია, საქართველო კვლავ რჩებოდა (უპირველესად, გონებრივი დეფიციტის გამო) საბჭოური აბსურდის ბასტიონად. აბსურდში კი, ყველაზე მკვეთრად თვალშისაცემი (რაც არსებობდა) იყო შიში, საშინელი შიში ყოველგვარი ცვლილებების მიმართ და მაშინდელ ხელისუფლებასაც, წარმოუდგენლად ეშინოდა ნებისმიერი მიტინგის. სიმართლე რომ ვთქვა, მიტინგების დიდი ტრფიალი არც არასოდეს ვყოფილვარ და ყველა საპროტესტო აქცია, რაც სტუდენტობის დროს მოვაწყეთ, ჩვენის მხრივ იძულებითი ნაბიჯი იყო და იმ ჩვენს პირველ მიტინგამდეც,კარგა ხანს ვიარეთ რედაქციიდან რედაქციამდე წერილით ხელში. იმ წერილშიც არაფერი განსაკუთრებული (ან საშიში) ნამდვილად არ ეწერა – იყო თხოვნა და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, დასანგრევად არ გაეწირათ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. მაგრამ წერილი, რა თქმა უნდა, არავინ დაბეჭდა (არცერთმა გაზეთმა) და როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლმე, ჩვენც იძულებულები გავხდით, უკიდურესი ზომებისათვის მიგვემართა.“