ტეგები

,


“ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა,საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!”
ილიკო

ილია ჭავჭავაძის იუბილე საბჭოთა საქართველოში გამორჩეულად ორჯერ აღნიშნეს: ერთხელ 1937 -ში, დიდი ტერორის დროს, მეორედ კი 1987 -ში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ გარიჟრაჟზე. სწორედ 1987-ში, როცა ათეისტურ საბჭოთა კავშირში, საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების ინიციატივით ილია ჭავჭავაძის 150 წლის იუბილეს ვზეიმობდით, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდი ქართველი ერისკაცი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა. ეკლესიის და უწინარესად კათოლიკოს-პატრიარქის ეს გადაწყვეტილება ყველას ერთნაირი აღფრთოვანებით არ მიუღია. ვინც არ აღფრთოვანებულა (ასეთები კი ცოტანი იყვნენ) მიიჩნევდა, რომ  წმინდანად შერაცხვით საქართველოს ეკლესიამ სეკულარული “საერო წმინდანის” „ერის წინამძღოლის“ ხატის მითვისება სცადა და, რომ საეკლესიო წმინდანთა დასში ილია ჭავჭავაძის შეყვანით  ჩვენ და ილიას ერთმანეთისგან კიდევ უფრო გვაუცხოებდნენ.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად სწორედ მაშინ შერაცხა, როცა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა იდგამდა ფეხს, ათწლეულებით შებოჭილი ენერგია გარეთ გამოსასვლელ გზებს ეძებდა, როცა უღმერთო ქვეყაბაში “ტაძრისკენ გზის” ძებნა უნდა დაეწყოთ….

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა ახალი დასაწყისი იყო  –  დიდი ერისკაცების საეკლესიო წმინდანებად გამოცხადების მიმართულებით.

წლის 3 აგვისტო
გაზეთი “კომუნისტი”

“2 აგვისტოს საქართველოს საპატრიაროს და ყვარლის რაიონის მორწმუნე მოსახლეობის თხოვნით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით და თანადგომით ამოქმედდა ჭავჭავაძეების საგვარეულო, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია ყვარელში.დილის 10 საათისთვის აქ თავი მოიყარეს ყვარლის მორწმუნე მოსახლეობამ, თბილისიდან და რესპუბლიკის სხვა რაიონებიდან ჩამოსულებმა. სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელსაც თან ახლდა ქართული ეკლესიის ყველა მღვდელმთავარი, შეასრულა წირვა და გადაიხადა პარაკლისი. ეკლესიაში საპატიო ადგილზე დასვენებული იყო წმინდა ილია მართლის ხატი. დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მადლობა გადაუხადა რესპუბლიკის და რაიონის ხელმძღვანელობას დახმარებისა და ხელშეწყობისთვის და აღნიშა:”მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციისა და გარდაქმნის პირობებში, მხოლოდ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი დღევანდელი ზეიმი. ილია ჭავჭავაძე მუდამ ედგა დარაჯად ქართველ ერს, მის მთლიანობას და დამოუკიდებლობას, ქართული ეკლესიის წმინდანი წმინდა ილია მართალი – ჭავჭავაძე დღეს მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია. ეს გვახარებს და გვამაღლებს.“